ComCom-ი “გამარჯობა რუბის“ წიგნებს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის
კომუნიკაციების კომისია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერების შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ წიგნს - „გამარჯობა რუბის“, ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ComCom-მა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული და „გამარჯობა რუბის“ წიგნების ავტორის, ლინდა ლიუკასის ონლაინ სემინარი ჩაატარა.
შეხვედრის ფარგლებში, ლინდა ლიუკასმა პედაგოგებს „გამარჯობა რუბის“ წიგნები გააცნო და მათ პროგრამირების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების, ასევე, ამ მიდგომების სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სემინარს 20-ზე მეტი მასწავლებელი ესწრებოდა, რომელთაც სემინარის შემდგომ ტრენერის სტატუსი მიენიჭათ და მომავალში, კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვა მასწავლებლებს წიგნების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ გადაამზადებენ.
„გამარჯობა რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს მოიპოვა წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია, რის შემდეგაც გამოიცა 17 500 სახელმძღვანელო. დღეის მონაცემებით კი, აღნიშნული რესურსით 100-მდე სკოლის 10 000-ზე მეტი მოსწავლე კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს სწავლობს.