მაისი 07, 2024 14:39

ComCom-ის მედიალაბმა კონკურსი “იდეადრომი” სტარტაპერებისთვის მერვედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მერვედ გამოაცხადა. კონკურსის წლევანდელ თემას - „პროდუქტიდან სერია - A-მდე“ წარმოადგენს და ციფრული მედიის სფეროში, იმ სტარტაპერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელთაც მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) უკვე შექმნეს და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ. კონკურსი მონაწილეებს თავიანთი სტარტაპების დახვეწაში, განვითარებასა და რეალობად ქცევაში დაეხმარება.

 „იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ 1 წუთიანი ვიდეო პრეზენტაცია, რომლის მეშვეობით, თავიანთ პროდუქტს წარმოადგენენ. შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდგომ კი, შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც პროფესიონალი მენტორების დახმარებით, თავიანთი სტარტაპების დახვეწის შესახებ მიიღებენ საჭირო რჩევებს. კერძოდ, მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, გაეცნობიან პროდუქტის განვითარების და მომხმარებლის პოვნის როგორც ნაცად, ასევე უახლეს მეთოდებს. გარდა ამისა, გაეცნობიან ინვესტორების მოძიებისა და მოლაპარაკებების ხერხებს, გამოცდიან საკუთარ თავს პროდუქტის წარდგენაში და შეძლებენ სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას. ინტენსიური 1 კვირიანი გადამზადების შემდგომ, კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს, მათთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდი კი, 10 000 ლარს შეადგენს.

„იდეადრომის“ ერთ-ერთმა გამარჯვებულმა სტარტაპმა, STORI-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომხმარებლებს ბრენდის განვითარებასა და უნიკალური კონტენტის შექმნაში ეხმარება, უკვე შეძლო სხვადასხვა ინვესტორის მეშვეობით 500 000 დოლარის დაფინანსების მოპოვება და განვითარებას კვლავ განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ “იდეადრომი” უკვე 7-ჯერ, წარმატებით ჩატარდა და კონკურსის გამარჯვებულებმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები