ComCom-ის წარმომადგენლები აზერბაიჯანელ კოლეგებს რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებისა და ერთობლივი მონიტორინგის საკითხებზე შეხვდნენ
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოსა და რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამმართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული და აზერბაიჯანული მობილური ოპერატორების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მაუწყებლობისა და მობილური მომსახურებების ერთობლივი მონიტორინგის შედეგები განიხილეს. მონიტორინგის შედეგად მაუწყებლობის მიმართულებით ხელის შემშლელი ფაქტორები არ გამოვლენილა, ხოლო მობილური მომსახურებების მიმართულებით ორმხრივი დარღვევები დაფიქსირდა. შეხვედრაზე მობილური ოპერატორების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მომდევნო თვეების განმავლობაში იმუშავებენ.
ამასთან, საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული FM რადიომაუწყებლობის სამი-სამი სადგურის სიხშირეების განაწილება შეათანხმეს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული რადიომაუწყებლობის (T-DAB) მიზნებისთვის 174–230 მჰც სიხშირული ზოლის ერთობლივი გამოყენების საკითხზე.
