ნოემბერი 27, 2023 13:21

ComCom-ის წარმომადგენლებმა რადიოკომუნიკაციის მსოფლიო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, დუბაიში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ ორგანიზებულ რადიოკომუნიკაციის მსოფლიო კონფერენციაში (WRC-23) მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა, ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნეს, რის შემდეგაც, მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

სამუშაო შეხვედრა ასევე გაიმართა “SpaceX”-ის წარმომადგენლებთან, სადაც Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით, საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებსა და შემდგომ გეგმებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა.

რადიოკომუნიკაციის მსოფლიო კონფერენცია 3-4 წელიწადში ერთხელ იმართება. კონფერენციის მიზანია იმ რადიო რეგულაციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში გადახედვა, რომლებიც არეგულირებენ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებას. კონფერენციის მთავარ თემებს რადიოსიხშირული სპექტრის რეგულაციები და მასთან დაკავშირებული სიხშირეების მინიჭებისა და განაწილების გეგმები, არსებული სერვისების სპექტრის საჭიროებები და ასევე  გეოსტაციონარული და არაგეოსტაციონარული თანამგზავრული ორბიტები წარმოადგენს. ღონისძიებაზე ტექნიკური რეგულაციები და პოლიტიკის ელემენტები ეროვნულ სამთავრობო დელეგაციებთან, ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოებთან და რადიოკომუნიკაციების ძირითადი მომხმარებლებისა და პროვაიდერების წარმომადგენლებთან ერთად,  გლობალურ დონეზე განიხილება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები