ნოემბერი 17, 2023 10:13

ComCom-ისა და პორტუგალიის მარეგულირებლის თავმჯდომარეებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა და პორტუგალიის კომუნიკაციების ეროვნული ორგანოს (ANACOM) თავმჯდომარემ, ჟოაო კადეტე დე მატოსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ComCom-სა და ANACOM-ს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კახა ბექაურმა გახსნა და კომუნიკაციების კომისიისა და პორტუგალიის კომუნიკაციების ეროვნული ორგანოს თანამშრომლობა შეაჯამა:  „ANACOM-ი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირველი მარეგულირებელი, რომელმაც 2012 წელს თანამშრომლობა შემოგვთავაზა” - აღნიშნა ComCom-ის თავმჯდომარემ და ის პროექტები მიმოიხილა, სადაც კომუნიკაციების კომისია და პორტუგალიის კომუნიკაციების ორგანო ერთობლივად მონაწილეობდნენ.

ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებმა ANACOM-ის თავმჯდომარეს ComCom-ის მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ამავდროულად, მხარეებმა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც მიზნად ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში კონკურენციის ხელშეწყობასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მხრივ განხორციელებული საქმიანობის წახალისებას ისახავს.

მოგვიანებით, მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა, მოწვეულ სტუმარს მედიააკადემიისა და მედიალაბის სივრცე დაათვალიერებინა და მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონპროექტის აღსრულება, ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა, მომსახურების ხარისხი, სპექტრის მენეჯმენტი და სხვა. აღნიშნული საკითხების ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების შესწავლის მიზნით, მხარეები ორმხრივი კონსულტაციების ორგანიზებასა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან საუკეთესო მაგალითების ანალიზი, ეფექტური პრაქტიკების დამკვიდრებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები