ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 10,000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 10,000 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიამ, 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში, მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგადაც, „ფორმულას“ 17-საათიან ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.
კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში კორესპონდენტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს. კერძოდ: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს სამი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება, 2,500 და 5,000-ლარიანი ჯარიმები, ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10,000 ლარის ოდენობისა.
