ივნისი 11, 2024 13:28

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სოფელ საიმერლოს, ქალაქ მარნეულის, საგარეჯოსა და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლების 150 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა და მოსწავლეებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული სხვა საკითხები გააცნო.

სემინარების ფარგლებში, მონაწილეებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამასთან ერთად, გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია.

შეგახსენებთ, რომ ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა IX, X და  XI კლასის მოსწავლეებს 15 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულ მონაწილეებს კი კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები