ComCom-მა „პალიტრანიუსს“ და „ობიექტივს“ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ „პალიტრანიუსი“ და „ობიექტივი“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
ComCom-ის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „პალიტრანიუსმა“ კანონდარღვევით განათავსა პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „გირჩის“, „ევროპელი დემოკრატებისა“ და „მოქალაქეების“ უფასო პოლიტიკური რეკლამა, ხოლო „ობიექტივმა“ ამავე კოდექსის დარღვევით განათავსა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „საქართველო პატრიოტთა ალიანსის“ უფასო პოლიტიკური რეკლამები.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „პალიტრანიუსი“ და „ობიექტივი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენენ, მათ ეკრძალებათ საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ორივე მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.