წვდომის მენიუ

სექტემბერი 19, 2024 19:32

ComCom-მა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი 11 მაუწყებლის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების: „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეიმედი“, „რუსთავი2“ („მედია ჰოლდინგი“), „სტუდია მაესტრო“, „პოსტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”, „სილქ მედია“ და „ილიონი“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

დღეს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საჩივარზე იმსჯელა, რომელიც რამდენიმე საკითხს ეხებოდა, კერძოდ:

საჩივრის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ კვლავ უარს აცხადებენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე. ამასთან დანარჩენი მაუწყებლები კანონის შესაბამისად საკუთარ ბადეში ათავსებენ „ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას. აღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ირღვევა მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, თანაბრობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპები.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების კომისიამ იმსჯელა და უკანონოდ მიიჩნია „ევროპული საქართველოს“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეების“ პოლიტიკური რეკლამები, რაც სასამართლომაც დაადასტურა, თუმცა „მთავარ არხზე“, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულაზე“ კვლავ არის განთავსებული აღნიშნული სარეკლამო რგოლები.

საჩივარში ასევე მითითებულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს” ეთერში უკანონოდ არის განთავსებული  „ევროპული საქართველოს“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეების“ პოლიტიკური რეკლამები, ხოლო „ევრონიუს ჯორჯიას“ („სილქ მედია“) ბადეში - „ევროპული საქართველოს“ და „კი ევროპას“ სარეკლამო რგოლები.

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჩივრით კომუნიკაციების კომისიას შემდეგი მოთხოვნებით მიმართა: „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ დადგინდნენ სამართალდამრღვევად, მედიასაშუალებების უკანონო ქმედებებისა და საჩივარში აღნიშნული დისბალანსის შესახებ ეცნობოთ სადამკვირვებლო მისიებს, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებლებს, სათემო მაუწყებლებსა და საერთო საეთერო მაუწყებლებს დაევალოთ სამაუწყებლო ბადიდან საარჩევნო სუბიექტების „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ევროპული დემოკრატების“ უფასო პოლიტიკური რეკლამების ამოღება, ასევე „მთავარი არხის“, „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დადგინდეს დარღვევა „ევროპული საქართველოს“, „მოქალაქეების“ და „კი ევროპას“ უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების გამო, ხოლო „ევრონიუს ჯორჯია“ იქნას ცნობილი სამართალდამრღვევად „ევროპული საქართველოს“ და „კი ევროპას“ უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების გამო.

კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სარეკლამო რგოლზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ის არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან განათავსონ აღნიშნული რეკლამა წარდგენის შემთხვევაში. კომუნიკაციების კომისიის განმარტება გაიზიარა ასევე საქალაქო სასამართლომაც, რომელმაც პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა კანონდარღვევად ჩათვალა და „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ჯარიმა დააკისრა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მაუწყებლები კვლავ არ ათავსებენ „ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ირღვევა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

„მთავარი არხის“, „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ ეთერში განთავსებული „ევროპული საქართველოს“, „მოქალაქეებისა“ და „კი ევროპას“ უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ასევე გაითვალისწინა სასამართლომ და მაუწყებლების მხრიდან კანონდარღვევა დაადასტურა. კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, სარეკლამო რგოლები ეთერში კვლავ განთავსებულია, შესაბამისად ასევე საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის აღნიშნული მაუწყებლების მიმართ  კომისიამ კვლავ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

რაც შეეხება „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“, „მოქალაქეების“ და „კი ევროპას“, ხოლო „სილქ მედიას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ და „კი ევროპას“ განთავსებულ სარეკლამო რგოლებს, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების მხრიდან საარჩევნო კოდექსის დარღვევად შეაფასა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ მაუწყებლებს ამ ტიპის დარღვევა პირველად უფიქსირდებათ, კომისიამ წინა სამართალწარმოების პრაქტიკის შესაბამისად, ტელეკომპანიების მიმართ სამართალდარღვევის ოქმებს შეადგენს და სასამართლოს მიმართ მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ იშუამდგომლებს.  

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და სხვა საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებლების ბადიდან საარჩევნო სუბიექტების „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ევროპული დემოკრატების“ უფასო პოლიტიკური რეკლამების ამოღების საკითხს, კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნა, რომ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობა იმ სუბიექტების მიერ, ვისაც ეს კანონით ეკუთვნის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. ასევე, კომუნიკაციების კომისია აცნობიერებს, იმ უარყოფით გავლენას, რასაც იწვევს ზოგიერთი მაუწყებლის მიერ, მათთვის კანონის სრული დაცვით წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული იწვევს უთანასწორობას და დისკრიმინაციულ მიდგომას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიმართ. ასევე, ცხადია რომ არ ხდება კანონის აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. თუმცა კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა უნდა მოხდეს წარდგენილი სარეკლამო რგოლების კანონის სრული დაცვით განთავსებით და არა კანონის შესაბამისად განთავსებული სარეკლამო რგოლების ბადიდან ამოღებით. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ამ ნაწილში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა და მაუწყებლების მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისია განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ კომუნიკაციაშია სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც წინასაარჩევნო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.  

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები