ივლისი 26, 2022 11:12

ComCom-სა და “SpaceX”-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და კომპანია “SpaceX”-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ მენეჯერს ბენ მაკ უილიამსს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკის დაარსებული კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა,  კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და კომისიის წევრ ეკატერინე იმედაძეს და კომისიის წარმომადგენლებს კომპანიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კომუნიკაციების კომისია „Starlink Georgia“-სთვის ავტორიზაციის მინიჭებამდე კომპანია “SpaceX”-თან რამდენიმე თვე მუშაობდა.

“SpaceX” საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს, კერძოდ,  Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას გაუწევს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. „SpaceX“-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა  გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები