ინფორმაციის მოძიება, ინტერნეტის გამოყენება - ComCom-მა წყალტუბოში ბიბლიოთეკის თანამშრომლები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობას, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებასა და ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის აუცილებელ საკითხებს გაეცნენ.
პროგრამა წყალტუბოში მარტის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება, ამ ეტაპისთვის კი მუნიციპალიტეტში უკვე 500-ზე მეტი პირია გადამზადებული. პროგრამის სამიზნე დასახლებებს ქ. წყალტუბო და სოფლები ჩუნეში, ცხუნკური, ყუმისთავი, ქვილიშორი, ზარათი, ოფურჩხეთი, ჟონეთი, რიონი, სორმონი და უკანეთი წარმოადგენენ. სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უფასოდ გაიარონ სემინარი, გაიუმჯობესონ ციფრული უნარ-ჩვევები და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.