კახა ბექაური: ComCom-ის გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ეფუძნება კანონს და სასამართლოს პრაქტიკას
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, საარჩევნო პერიოდში ქართული მედიასივრცის მონიტორინგის, საარჩევნო კამპანიების, უფასო პოლიტიკური რეკლამისა და ამ თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის შეფასების თუ გამოწვევების განხილვის მიზნით, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრის შემდგომ, კახა ბექაურმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კომუნიკაციების კომისია იღებს, კანონს, სასამართლო გადაწყვეტილებას და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.
კერძოდ, ComCom-ის თავმჯდომარე გამოეხმაურა რამდენიმე მედიასაშუალების მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობას, რის მიზეზადაც მაუწყებლები სიძულვილის ენას ასახელებდნენ და აღნიშნა, რომ კონკრეტული რგოლი, ევროპული სტანდარტისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, არ შეიცავდა დარღვევას. ამასთან, მისივე თქმით, წინა არჩევნების ფარგლებში, სწორედ აღნიშნული მედიასაშუალებები ათავსებდნენ ეთერში პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც აშკარა სიძულვილის ენის შემცველი იყო: „თუ შინაარსობრივ ნაწილში დარღვევაა და პოლიტიკური რეკლამა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ჩვენ რა თქმა უნდა შევდივართ შინაარსში, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ჩვენ და არც სასამართლოს არ დაგვინახავს სამართალდარღვევა. სტანდარტი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ არის ევროპის საუკეთესო პრაქტიკა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა სიძულვილის ენის თვალსაზრისით. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, ვიდეორგოლი, რომელზეც ვსაუბრობთ, არ ითვლება სიძულვილის ენის შემცველად. მეტსაც გეტყვით, ის მედიასაშუალებები, რომლებიც ამბობენ, რომ სიძულვილის ენის მიზეზით არ ათავსებენ რეკლამას, წინა არჩევნებისას თავადვე ათავსებდნენ იმ ტიპის რეკლამას, რომელიც აშკარად სიძულვილის ენად ფასდებოდა და ზღვარზე იყო სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტის მიხედვითაც კი.“ - განაცხადა კახა ბექაურმა და განმარტა, რომ აღნიშნული გარემოებებიდან და არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეკლამა როგორც კანონში, ისე სასამართლო პრაქტიკაში ჯდება და მაუწყებლები ვალდებულნი არიან ის ეთერში განათავსონ.
მედიასთან საუბრისას კახა ბექაურმა განაცხადა ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო კამპანიები სრულყოფილად და კანონის სრული დაცვით ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.