აპრილი 29, 2021 16:08

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივრის ავტორები მაუწყებლის სამართალდამრღვევად ცნობას და დაჯარიმებას ითხოვდნენ.  საქმე ეხება გადაცემა „დროებაში“ 2021 წლის 7 მარტს 22 საათსა და 07 წუთზე გასულ სიუჟეტს „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, სადაც მსახიობი შოთა ნოზაძე მაყურებელს თავისი პერსონაჟის დამახასიათებელი ლექსიკის გამოყენებით მიმართავს  და სერიალის ყურებისკენ მოუწოდებს.

კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას იმსჯელა და მიიჩნია, რომ სიუჟეტში მსახიობმა დააანონსა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყება და მოწოდებისას საკუთარი პერსონაჟი, თენგო მაზიაშვილი განასახიერა. აღნიშნული პერსონაჟისთვის კი სპეციფიური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენება დამახასიათებელია. კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია სერიალის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინის კონტექსტით გამართლების საფუძველია. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დროების“ სიუჟეტი ეთერში  22 საათსა და 07 წუთზე გავიდა, შესაბამისად, დაცულია კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს ეთერში.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები