ნოემბერი 12, 2020 17:58

კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 26 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება

მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ორი კვირით გრძელდება, - ბაკალავრიატის სტუდენტებს ნაშრომების წარმოდგენის ვადა 26 ნოემბრის ჩათვლით აქვთ. კონკურსის გახანგრძლივების გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტების მხრიდან მაღალი ჩართულობისა და ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა, 12 ოქტომბერს გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.

კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში  გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, დაადგინონ რეალური ფაქტები და მათთვის სასურველი ფორმატით გამოაგზავნონ ნაშრომი.

კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ულტრათანამედროვე პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - New iPad Pro 2020, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს - Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

პრიზების გარდა, კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და მათ სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. სტუდენტები გაივლიან BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას და ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ. კურსის გავლის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში.

კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა იმ კონკურსანტ სტუდენტებსაც მიეცემათ, რომლებიც პირველ სამეულში ვერ მოხვდებიან, თუმცა ნამუშევრების წარდგენისას, მაღალ კომპეტენციასა და ეფექტურ უნარებს გამოავლენენ.

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდზე - www.comcom.ge

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები