„მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ არ ჩამოვა, რაც მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. კვლევის ფარგლებში ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნები და კონკურენციის გაუმჯობესებისთვის შემუშავებული მექანიზმები კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა სრულად გაიზიარეს.
მობილური ბაზრის კომპლექსურ კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების მოსაზრებით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი საგანგაშოდ მაღალი მოგების მარჟაა. 2022 წლის მონაცემებით, „მაგთიკომის“ მოგების მაჩვენებელი - EBITDA მარჟა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე) ევროპის საშუალოზე ორჯერ მეტია. კერძოდ, ევროპის ქვეყნებში საშუალო მოგების მაჩვენებელი 35%-ს, ხოლო „მაგთიკომისთვის“ - 75%-ს უტოლდებოდა.
გარდა ამისა, მობილური მომსახურებების ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა 13%-ით, ხოლო შემოსავლები 58%-ით გაიზარდა. ამის ფონზე კი, „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა და როგორც 2022, ისე 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობდა. ხოლო რაც შეეხება ARPU-ს, იგივე ერთი მომხმარებლისგან შემოსულ საშუალო შემოსავალს, სხვა ოპერატორებთან შედარებით „მაგთიკომი“ აქაც მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს.
კომპლექსური კვლევის მიხედვით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე მეტყველებს ისიც, რომ 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 51%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%-ს „სელფი მობაილისთვის“ კი 19%-ს უტოლდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, მობილური ინტერნეტის მოხმარება 592%-ით გაიზარდა, „მაგთიკომი“ კი ამ პერიოდის განმავლობაში, უცვლელად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2022 წლისთვის „მაგთიკომი“ თავის ქსელში „სილქნეტთან“ შედარებით 69%-ით მეტს, ხოლო „სელფი მობაილთან“ შედარებით 178%-ით მეტ ინტერნეტ ტრაფიკს ატარებდა.
საყურადღებოა ისიც, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“ კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, მაგალითად: აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის 58.6% „მაგთიკომზე“ მოდის, როცა „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4%-ს და 6.1%-ს შეადგენს. თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფის მობაილის“ შემთხვევაში. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს „მაგთიკომის“ სიმძლავრესა და დიდ პოტენციალზე.
ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით - როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. ექსპერტებმა აღნიშნეს ისიც, რომ ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ ჩამოვა ან „სილქნეტი“ და „სელფი მობაილი“ შემოსავლებითა თუ აბონენტების რაოდენობით ბაზრის 40%-იან წილს მიაღწევენ.
კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კვლევა, ქართულ ტელეკომ ბაზარზე მანამდე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას კი რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს. კვლევის ყველა ეტაპზე კი, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, მობილური ბაზრის პარალელურად ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევასაც ატარებდა, რომელის ფარგლებშიც 14 ივნისს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ზეპირი მოსმენა კი 1 აგვისტოსაა ჩანიშნული.