წვდომის მენიუ

ოქტომბერი 26, 2026 9:39

საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა გამართეს, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ნამდვლი და ყალბი ინფორმაციის გარჩევას, ინფორმაციის გადამოწმებასა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა. 

მედიაწიგნიერების დღის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლასა და 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის №75 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს დაესწრნენ. 

თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებმა მეშვიდე კლასელებისთვის მედიაწიგნიერების თემაზე პრეზენტაცია ჩაატარეს და ინფორმაციის კრიტიკული შეფასების, გადამოწმებისა და დეზინფორმაციის ამოცნობის შესახებ ცოდნა გაუზიარეს. თეორიული ნაწილის შემდეგ მოსწავლეებმა პრაქტიკული აქტივობაც ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა რეალური და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევაზე იმუშავეს. 

300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის №75 საჯარო სკოლაში კი მოსწავლეთა მიერ წინასწარ მომზადებული კედლის გაზეთების, თემატური პოსტერებისა და საგანმანათლებლო კომიქსების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრები მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, დეზინფორმაციის ამოცნობის გზებსა და ციფრულ სივრცეში პასუხისმგებლიან ქცევას ეხებოდა. მათ შორის წარმოდგენილი იყო წლევანდელი გლობალური კვირეულის მთავარი თემის, „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“, მიხედვით შექმნილი კომიქსები. ამასთან, უფროსკლასელებმა უმცროსი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო გაკვეთილი, სახელწოდებით „სანამ გააზიარებ, გადაამოწმე!“, ჩაატარეს, სადაც ინფორმაციის გადამოწმების, ყალბი ამბების ამოცნობისა და სოციალურ ქსელებში პასუხისმგებლიანი ქცევის საკითხები განიხილეს. გაკვეთილის ფარგლებში ასევე გაიმართა როლური თამაში „სიმართლე თუ დეზინფორმაცია?“, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ინფორმაციის გამავრცელებლის, ჟურნალისტის, ფაქტების გადამმოწმებლისა და ინფორმაციის მიმღების როლები მოირგეს და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. 

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც საქართველოში კომისიის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება. წლევანდელი კვირეულის მთავარი თემაა „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბება და უსაფრთხო საინფორმაციო გარემოს შექმნა საერთო პასუხისმგებლობაა და ამ პროცესში თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები