წვდომის მენიუ

სექტემბერი 06, 2024 16:49

ComCom-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომისია 24 საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდება. რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე, მათ შორის „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხზე“ და „ტელეკომპანია პირველზე“, საუკეთესო დროს, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. მონიტორინგის პროცესში 25 სპეციალურად გადამზადებული მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. 

მონიტორინგის პერიოდში კომუნიკაციების კომისია 2 შუალედურ და ერთ შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებს. პირველი შუალედური ანგარიში 27 აგვისტო - 27 სექტემბრის პერიოდს, ხოლო მეორე - 28 სექტემბერი - 26 ოქტომბრის პერიოდებს მოიცავს.

მედია მონიტორინგის გარდა, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აღასრულებს საარჩევნო კოდექსით გაწერილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით.

მედიაში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა. გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი გახადოს ის საკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიის მიდგომები.   

გზამკვლევში დეტალურად არის განმარტებული ყველა ის ვალდებულება, რომელსაც კანონი აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს აკისრებს, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით. დოკუმენტში ასევე მოცემულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამისად. 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგის კვალიფიციურად და მაღალი სტანდარტით ჩატარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები და ხარისხობრივი მედიამონიტორები ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს ექსპერტმა რასტო კუზელმა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული მეთოდოლოგიის შესაბამისად გადაამზადა.

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგი ორჯერ ჩაატარა, პირველად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, ხოლო მეორედ 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები